სულხან- საბა ორბელიანი
ბიოგრაფია
სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა
1658 წელს სოფელ ტანძიაში, დმანისის ახლოს, დღევანდელი ბოლნისის რაიონში. იგი წარჩინებულ
ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა. სულხანის მამა ვახტანგ ყაფლანის ძე ორბელიშვილი (ორბელიანი)
ქართლის სამეფოს მოსამართლეთუხუცესი (ანუ დივანბენი) ქართლის მეფეების ახლო ნათესავი
იყო. იგი დიდად განსწავლული პიროვნება ყოფილა. დედა, თამარი, დიდი ფეოდალის, ზაალ არაგვის
ერისთავის ასული იყო. დიდი და ზვიადი ფეოდალი ზაალი გამუდმებით ოპოზიციაში ედგა კახეთის
ტახტის მემკვიდრეებს.
სულხან-საბა ორბელიანს ნათესაობა აკავშირებდა
ქართლის სამეფო კართან: მამიდამისი ქართლის მეფეს ვახტანგ V შაჰნავაზს
ჰყავდა ცოლად.
სულხანის საპატიო აღმზრდელად ითვლებოდა მეფე გიორგი XI (სულხანი ამბობს, რომ
ის იყო გიორგისაგან ,,შვილურად გაზრდილი და განსწავლული“), მწვრთნელ-მასწავლებლად კი
ჰყოლია მცხეთელი ზედგენიძე ბერუკა.
მისი მამიდაშვილები გიორგი და არჩილი
ქართლის მეფეები გახდნენ, ლევანი კი მამა იყო ვახტანგ VI-ისა. სამეფო კართან მჭიდროდ
დაკავშირებული სულხანი შემდეგ ვახტანგ VI-ის აღმზრდელი და თანამებრძოლიც იყო სიკვდილამდე.
სულხანს 7 ძმა და 3 და ჰყავდა. ისინი
მოღვაწეობდნენ ქართული კულტურის სასიკეთოდ. ერთი ძმა, დემეტრე ორბელიანი, ცნობილი პოეტი
იყო; მეორე, ნიკოლოზ ტფილელიც პოეტი და კალიგრაფი გახდა; სხვებმაც მნიშვნელოვანი ღვაწლი
დასდეს ქართულ მწიგნობრობას.
წარჩინებულმა და განათლებულმა სულხანმა
საპატიო ადგილი დაიჭირა მეფის კარზე. მისი მოღვაწეობა ქართლის ძნელბედობის ჟამს თანხვდება.
იგი მხარში ედგა გიორგი მეთერთმეტეს და
ქვეყნის განმტკიცებისთვის იბრძოდა, მაგრამ როდესაც ირანის შაჰმა ქართლის მეფობა გამაჰმადიანებულ
ერეკლეს (ნაზარალიხანს) უბოძა, გიორგი ქართლიდან გააძევეს, იგივე ბედი ხვდა სულხანსაც.
მ. თამარაშვილის ცნობით, 1687 წლიდან საბა ფარული კათოლიკეა. 1698 წელს სულხანი ბერად
აღიკვეცა და ეწოდა საბა.
1703 წლიდან სულხანი დიპლომატიურ საქმიანობას
იწყებს. ორჯერ იყო სპარსეთს, ევროპაში. 1714 წლის აპრილში ვერსალში საბა მიიღო ლუდოვიკო
მეთოთხმეტემ. პარიზიდან გამობრუნებული იმავე წლის ივლისში საბა ორჯერ მიიღო რომის პაპმა
კლიმენტოს მეთერთმეტემ. საბას ყველგან დიდი პატივით დახვდნენ, მაგრამ რეალური დახმარება
არ გაუწიეს. ევროპა ირან-ოსმალეთს არ დაუპირისპირდა პატარა საქართველოს გამო. მართალია,
ეს დიპლომატიური ნაბიჯი იყო ევროპულ სამყაროსთან საქართველოს კავშირის აღდგენის ისტორიული
გამოხატულება, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსები არ აღმოჩნდნენ იმდროინდელი ევროპის შიდაპოლიტიკური
ამოცანების საქმის კურსში. მათ ალღო ვერ აუღეს ევროპის მიზნებსა და ამოცანებს აღმოსავლეთში.
სამშობლოში დაბრუნებულ, გაკათოლიკებულ
და ხელმოცარულ საბას ეჭვის თვალით შეხედა ქართველმა არისტოკრატიამ, ,,ჩხუბიანმა კაცებმა“
განხეთქილება ჩამოაგდეს ვახტანგთან. სულხანი მოღალატედ გამოაცხადეს და სასახლიდან განდევნეს.
ვახტანგისა და სულხანის შერიგება
მოხერხდა მას შემდეგ , რაც მეფემ სთხოვა ,,ქილილასა და დამანას“ ,,გაჩალხვა“, რომელსაც
ვახტანგი სპარსულიდან თარგმნიდა. ქართლის აწეწილი პოლიტიკური ვითარების გამო ვახტანგ
მეექვსე იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. იგი 1724 წელს რაჭის გავლით 1200 წარჩინებულ
ქართველთან ერთად გაემგზავრა რუსეთს. სხვა მრავალ ორბელიანთან ერთად სულხანიც გადაყვა
ვახტანგს რუსეთში, სადაც მალე, 1725 წლის 26 იანვარს გარდაიცვალა ვსეხსვიატსკოეში,
არჩილ მეფის სასახლეში. იგი იქვე, კარის ეკლესიაში დაასაფლავეს. მართლმადიდებლურ ეკლესიაში
საბას დაკრძალვა გვაფიქრებინებს, რომ სულხანი კვლავ ხომ არ დაუბრუნდა მართლმადიდებლურ
სარწმუნოებას?
ლიტერატურული მოღვაწეობა
სულხანს სწავლისადმი დიდი გულისხმიერება გამოუჩენია.
,,ვიყავ სწავლისა ფრიად მოყვარე“- გვაუწყებს იგი. სულხან-საბამ საფუძვლიანი საერო და
სასულიერო განათლება მიიღო. შეუსწავლია საღვთო წერილი, გალობა, ისტორია, მათემატიკა,
ფილოსოფია, საბუნებისმეტყველო საგნები, უცხო ენები და სხვა. უცხო ენებიდან საფუძვლიანად
სცოდნია თურქული, რომელიც იმ დროს საერთაშორისო ენის უფლებით სარგებლობდა აღმოსავლეთში
და ნაწილობრივ დასავლეთშიც. სულხანმა პრაქტიკულად იცოდა სომხური, მეცნიერულ-ლექსიკოლოგიური
მიზნით სარგებლობდა ბერძნულით, ლათინურით და
რუსულით.
სულხანი ჭაბუკობიდანვე ჩაბმულა სამწერლო
საქმიანობაში. როგორც გვაუწყებენ ხელნაწერები ,,ჟამსა სიჭაბუკისასა თვისსა“ დაუწერია
დიდაქტიკური ხასიათის იგავ-არაკული ჟანრის ნაწარმოები ,,სიბრძნე სიცრუისა“, რომელიც
ცხოვრებაზე ღრმა დაკვირვების ნაყოფია. ნაწარმოებში სწავლა- აღზრდის საკითხები იგავარაკული
ფორმით არის გადმოცემული. მკითხველი კი გრძნობს, რამდენად კარგად, გააზრებულად და ბუნებრივად
ჩააქსოვა დიდმა შემოქმედმა ადამიანსა და ცხოველში ესა თუ ის აზრი, შეგონება და ცხოვრებისეული
დაკვირვების შედეგები. წიგნში 152 შესანიშნავი იგავ-არაკია ჩართული, ყოველი იგავის
დასასრულს შეგონება ანუ მორალია გადმოცემული.
იგავ- არაკთა ღირებულებით, აფორიზმების
სიუხვითა და შინაარსიანობით ,,სიბრძნე სიცრუისა“ ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია იგავ-არაკული
ჟანრის ლიტერატურისა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც.
სიჭაბუკეშივე შესდგომია ,,ქართულ
ლექსიკონზე“ მუშაობას, რაც 30 წელს გაგრძელდა. იგი შეიცავს ენციკლოპედიურ ელემენტებს
და გამოირჩევა მოწინავე მეთოდოლოგიითა და ფაქტობრივი მასალის სიუხვით.
მისი უძვირფასესი საუნჯეა სიტყვის კონა.
სამოგზაურო ჟანრის ნიმუშია სულხან-საბას
,,მოგზაურობა ევროპაში“, რომელშიც დღიურების სახით აღწერილია საფრანგეთსა და იტალიაში
მოგზაურობას შთაბეჭდილებები. თხზულების პირველი ნაწილი, საფრანგეთის აღწერა, დაკარგულია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ქადაგაბების
კრებული-,,სწავლანი“.
სულხან-საბა ორბელიანი ქართული
კულტურის მარადიული თანმდევი სულია. ასეთი დონის მოღვაწით ყველა ქვეყანა იამაყებდა.
Very Good
ReplyDeleteძალიან საინტერესო იყო
ReplyDeleteმე ვიცი რომ იქნება საინტერესო მე პროექტს დავწერ და მივხვდები საინტერესოა თუ არა
ReplyDeleteMartalia
ReplyDeleteსგ სგ
ReplyDelete